საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გერმანელ პროფესორებს - ბერნდ ჰაინრიხსა და მარტინ ჰეგერს თსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება გადაეცათ

2024 წლის 12 იანვარს თსუ-სთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ქართული სამართლის მეცნიერების, ქართულ-გერმანული სამართლებრივი ურთიერთობის განვითარებისა და ქართველი იურისტების მომზადებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ებერჰარდ კარლსის სახელობის ტიუბინგენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორს, სამართლის დოქტორს, ბერნდ ჰაინრიხსა და ჰუმბოლტის სახელობის ბერლინის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორს, სამართლის დოქტორს მარტინ ჰეგერს თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საპატიო დოქტორის წოდება გადასცა.

 

ღონისძიება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერმა გახსნეს. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები, ქართველი და გერმანელი სპეციალისტები, სტუდენტები.

 

პროფ. დოქტ. ბერნდ ჰაინრიხი და პროფ. დოქტ. მარტინ ჰეგერი სისხლის სამართლის მეცნიერებაში მრავალი ფუნდამენტური კვლევის ავტორები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეები არიან. მათ კალამს ეკუთვნის არაერთი სახელმძღვანელო თუ ნაშრომი, რომლებმაც განსაკუთრებული როლი შეასრულეს სამართლის განვითარებაში. სწორედ მათი მოღვაწეობის შედეგს წარმოადგენს საქართველოში ბევრი პროფესიონალ იურისტთა რიგების მატება.

 

საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე - „სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის აქტუალური ასპექტები გერმანიაში, საქართველოსა და ევროპაში“, რომელსაც გაუძღვნენ პროფ. დოქტ. ბერნდ ჰაინრიხი და პროფ. დოქტ. მარტინ ჰეგერი.

 

ღონისძიების დასასრულს გაიმართა გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის (DGStZ) პრეზენტაცია. ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა ანრი ოხანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ჟურნალის კონცეფცია, არსებული გამოცემები და ჟურნალის განვითარების სამომავლო გეგმები. ჟურნალი საშუალებას აძლევს როგორც გერმანელ, ისე ქართველ სისხლის სამართლის მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს, სტუდენტებსა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრულყოფილად გაეცნონ ორივე ქვეყანაში მიმდინარე სისხლის სამართლის განვითარების პროცესს. ჟურნალის ძირითად მიზანს წარმოადგენს ქართული სისხლის სამართლის ევროპეიზაცია, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესსა და ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის დოგმატიკის ჰარმონიზაციასა და მის შემდგომ განვითარებაში წვლილის შეტანა. ღონისძიებაზე დამსწრე პირებს დაურიგდათ ჟურნალის გამოცემები. ჟურნალის ელ. ვერსიის გაცნობა შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://dgstz.de  

თარიღი: 20/01/2024